Tuesday, July 15, 2008


 

             ხმა სამარიდან

     ცა. ნაჭერ – ნაჭერ ღრუბელი. თეთრი. ნაზი. ზღვა. ტორტმანი. სასაფლაო. რკინის მოაჯირი. ძეგლი. სკამი. მყუდროება. სიგრილე.
     ზის ქალი. მოწყენილი სახე. მუხლებზე წიგნი. კითხვა მიუტოვებია. ფიქრს გაუტაცნია. ბურუსშია თითქოს.
     ქალს სამარიდან ესმის ხმა:
     “ეხლა გაზაფხულია. ჰყვავის იასამანი. შენს მიერ დარგული? მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი? ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი? შეიძლება, შეიძლება, მაგრამ მე... მცივა... მცივა...
     მაშინ კი შემოდგომა იყო. ჰყვაოდა ჩემში იმედი, შენს მიერ დარგული. მამშვენებდი შენ, სათაყვანო ძეგლად ჩემს მიერ გარდაქმნილი. გიგალობდა გული ჩემი, ვით ბულბული – იადონი...
     ჭეშმარიტად თბილი, მზესხივიანი იყო შემოდგომა.
     ეხლა, ამ გაზაფხულზე, ჰყვავის ვარდი, შენს მიერ დარგული, მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი, ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი... და ...
     დგება მკვდრეთით შენი გული, ჩემს მიერ დასევდიანებული.
     მე კი მცივა... მცივა...”
     ქალი დგება, მიხედ – მოიხედავს, ნელ – ნელა მიდის. მისდევს ხმა სამარიდან...

                                                                                                                         ნიკო ლორთქიფანიძე


Monday, July 14, 2008



ელენე ახვლედიანი 1898 წელს ქალაქ თელავში დაიბადა. ის დიმიტრი ახვლადიანისა და ელისაბედ ერისთავის პირველი ქალიშვილი იყო. მამამისი სამხედრო ექიმი იყო და სამსახურის დასრულების შემდეგ, 1911 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოდის. მშობლებმა ელენე ქალთა II გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც ასწავლიდა გამოჩენილი ოსტატი ნიკოლოზ სკლიფასოვსკი. ოსტატის მოსწავლის ნიჭიერება არ გამოპარვია და მისი დახმარებით მხატვარი სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა.
1918 წელს თბილისში მხატვართა გამოფენა მოეწყო, სადაც ე.ახვლედიანმა ოთხი გრაფიკული ნახატი წარადგინა.
1922 წელს დაარსდა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც მხატვარი ფერწერის ფაკულტეტზე შევიდა,სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელი გიგო გაბაშვილი იყო.
ამავე წელს ელენე ახვლედიანი ცოლად გაჰყვა აპოლონ კაკაბაძეს. მათ ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს და იტალიაში გაემგზავრნენ. ამ ქორწინებამ მხოლოდ წელიწად ნახევარი გასტანა და ქმართან გაყრის შემდეგ, 1924 წელს ელენე პარიზში გაემგზავრა.
ამ პერიოდისათვის პარიზული ცხოვრება იყო ძალიან საინტერესო: ეს იყო კუბისტების, სიურეალისტების და სხვა მემარცხენე მხატვართა ხანა.
პარიზში მასთან ერთად იმყოფებოდნენ დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და ქეთევან მაღალაშვილი.
სწორედ პარიზში 1924 წელს, “შემოდგომის სალონში” მოეწყო ელენე ახვლედიანის პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ქართული პეიზაჟები”.
მისი საყვარელი ნახატები იყო “ზამთარი კახეთში”, რომლის ჩუქებაზეც უარი უთხრა პაბლო პიკასოს და “ზამთარი ხეები”.
ქართველი მხატვარი 1975 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა.
ელენე ახვლედიანს ეკუთვნი ბევრი ცნობილი ნახატი, მაგალითად: ”ძველი თბილისი”, “ახალი თბილისი”, ეზო პეტრიწის ქუჩაზე”, “ქუხილის წინ”, სახლი ალდეზე”, “კახეთი”, “რიყე” და ა. შ.