Sunday, June 22, 2008


“მე მიყვარს დიდება. ეს დღესასწაულია: ბრწყინვალე და მანათობელი. ის მხოლოდ ოქროსი შეიძლება იყოს. მე მინდა ის - დ ი დ ე ბ ა, რომელიც ძალას მაძლევს. მე პორტრეტი ვარ, იმ ნახევრად ქალღმერთის, დედოფლის მკერდზე გამოსახული, რომელსაც დიდება ჰქვია,”- ეს სიტყვები მოდის სამყაროს უგვირგვინო მეფეს - ივ სენ-ლორანს ეკუთვნის.
ფრანგული მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ლეგენდარული ივ სენ-ლორანი პირველ ივნისს პარიზში, საკუთარ სახლში, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ივ ანრი დონატ მატიე სენ-ლორანი ალჟირის ქალაქ ორანში 1936 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრა და 19 წლისამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურში, რომელშიც კარლ ლაგერფილდთან ერთად საუკეთესო საღამოს კაბის შექმნისთვის პირველი ჯილდოც დაიმსახურა.
კონკურსში გამარჯვებამ ახალბედა დიზაინერს საოცნებო კარი გაუღო. ჟურნალ ვოგის რედაქტორმა სენ-ლორანს კრისტიან დიორი გააცნო, რომელმაც ის ასისტენტად აიყვანა. დიორთან მუშაობაზე ის ალბათ ოცნებასაც ვერ ბედავდა, მაგრამ 1957 წელს დიორის გარდაცვალებამ ახალგაზრდა თანაშემწე - სენ-ლორანი დიორის მემკვიდრედ აქცია და სახელგანთქმულ მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში.
1958 წელს ივ სენ-ლორანმა თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას. ორი წლის შემდეგ დიზაინერი არმიაში გაიწვიეს, საიდანაც მძიმე ფსიქიკური აშლილობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. პიერ ბერჟეს, ივის მეგობრის დახმარებით კუტიურემ იქაურობას თავი დააღწია და 1960 წელს პიერთან ერთად საკუთარი მოდის სახლი გახსნა.
ის აცმევდა პალომა პიკასოს, კატრინ დენევს, რომელიც დიზაინერის მუზა იყო, პრინცესა მატილდას და ა. შ.
2002 წელს მოდელიერმა მაღალი მოდის სამყარო დატოვა. გამომშვიდობებისას კი თავისი ნამუშევრების რეტროსპექტული ჩვენება მოაწყო.
“მე უკანასკნელი კუტიურე ვარ,”- თქვა მან,- “ყველაფერი ჩემით დამთავრდება.” მას მართლაც არავინ დარჩა, არც მემკვიდრე და არც საქმის გამგრძელებელი. ალბათ სწორედ ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო: იცოდე, რომ შენით მთავრდება ყველაფერი!”

Wednesday, June 4, 2008


შიო მღვიმე
შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია ცამეტი მამათაგან ერთ-ერთია ღირსი შიოს მიერ, VI საუკუნეში. პირველი აშენდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც არის კომპლექსის ძირითადი ტაძარი, მეორე კი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში არის წმ. ბარბარეს, წმ. ნინოსი და მთავარანგელოზის სალოცავები. მთავარანგელოზის სახელობის სალოცავში შუა ნაწილში გათხრილია თხუთმეტი მეტრის სიღრმის ჭა, სადაც წმინდანმა სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელი სრულ მარტოობაში გაატარა. ეს ჭა მისი გარდაცვალების შემდეგ შიო მღვიმელის წმინდა საფლავად იქცა.
მონასტერში მოღვაწე მამების თქმით, ღირსი შიოს საფლავს არაერთი სასწაული მოუხდენია. აი რა გვიამბო მამა შიომ: `არსებობს ასეთი წიგნი `საქართველოს სამოთხე”, რომელშიც დაცულია ცნობები წმ. შიოს მიერ მოხდენილ სასწაულზე. შაჰ-აბასის შემოსევების დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს და ფერეიდანში გადაასახლეს, შაჰს მოსწონებია ერთი ქართველი ქალი, რომელიც ვერანაირი გზით მუქარით, ტანჯვა-წამებით, ალერსით, ვერ დაიყოლია ცოლად გაჰყოლოდა შაჰს. ამ ქალს გულზე ეკიდა ხატი, სადაც შიო მღვიმელის წმინდა ნაწილი იყო მოთავსებული. როდესაც ამის შესახებ გაიგო შაჰმა თავის სარდალს უბრძანა სასწრაფოდ წამოსულიყო საქართველოში და აეოხრებინა: გაეჩეხა ვენახები, გადაეწვა სასაფლაოები და ეკლესია-მონასტრები, განსაკუთრებით შიო მღვიმელის მონასტერი. შარდალმა შეასრულა მისი ბრძანება და სპარსეთში დაბრუნებისას თან წაიღეს მოწამე შიოს წმ. სხეულის ნაწილი-მუხლიდან თეძომდე. სამი წელიწადი დაჰყო წმინდა ნაწილმა სპარსეთში და ამ ხნის განმავლობაში მას საშინელი უბედურება დაატყდა თავს. სამი წლის განმავლობაში მოსავალი არ მოსულა, არცერთი სულიერი-ბავშვიც კი არ დაბადებულა. Bქვეყანა გადაშენების ზღვარზე იყო, ერთხელ შაჰს გამოეცხადა შიო მღვიმელი და წმინდა ნაწილის საქართველოში დაბრუნება ითხოვა. შაჰმა შეინანა თავისი საქციელი, წმ. ნაწილისთვის საძუალე დაამზადებინა და პატივით და დიდებით დააბრუნა საქართველოში. Eწმინდა საფლავში ჩასასვლელი კიბე სპარსელების ნახელავია. 1921 წლამდე კი სურსათ-სანოვაგეს უგზავნიდნენ სპარსელები შიო მღვიმის მონასტერს.
`ქრისტიანული ცრემლისა და გოდების ხატი, საქართველოს სამეფოს სიმტკიცე, დიდი სასწაულმოქმედი”-ასეთი სიტყვებით იხსენიებს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია შიო მღვიმელს. ღირსი შიოს ხსენების დღე 22 მაისია.