Sunday, June 22, 2008


“მე მიყვარს დიდება. ეს დღესასწაულია: ბრწყინვალე და მანათობელი. ის მხოლოდ ოქროსი შეიძლება იყოს. მე მინდა ის - დ ი დ ე ბ ა, რომელიც ძალას მაძლევს. მე პორტრეტი ვარ, იმ ნახევრად ქალღმერთის, დედოფლის მკერდზე გამოსახული, რომელსაც დიდება ჰქვია,”- ეს სიტყვები მოდის სამყაროს უგვირგვინო მეფეს - ივ სენ-ლორანს ეკუთვნის.
ფრანგული მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ლეგენდარული ივ სენ-ლორანი პირველ ივნისს პარიზში, საკუთარ სახლში, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ივ ანრი დონატ მატიე სენ-ლორანი ალჟირის ქალაქ ორანში 1936 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრა და 19 წლისამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურში, რომელშიც კარლ ლაგერფილდთან ერთად საუკეთესო საღამოს კაბის შექმნისთვის პირველი ჯილდოც დაიმსახურა.
კონკურსში გამარჯვებამ ახალბედა დიზაინერს საოცნებო კარი გაუღო. ჟურნალ ვოგის რედაქტორმა სენ-ლორანს კრისტიან დიორი გააცნო, რომელმაც ის ასისტენტად აიყვანა. დიორთან მუშაობაზე ის ალბათ ოცნებასაც ვერ ბედავდა, მაგრამ 1957 წელს დიორის გარდაცვალებამ ახალგაზრდა თანაშემწე - სენ-ლორანი დიორის მემკვიდრედ აქცია და სახელგანთქმულ მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში.
1958 წელს ივ სენ-ლორანმა თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას. ორი წლის შემდეგ დიზაინერი არმიაში გაიწვიეს, საიდანაც მძიმე ფსიქიკური აშლილობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. პიერ ბერჟეს, ივის მეგობრის დახმარებით კუტიურემ იქაურობას თავი დააღწია და 1960 წელს პიერთან ერთად საკუთარი მოდის სახლი გახსნა.
ის აცმევდა პალომა პიკასოს, კატრინ დენევს, რომელიც დიზაინერის მუზა იყო, პრინცესა მატილდას და ა. შ.
2002 წელს მოდელიერმა მაღალი მოდის სამყარო დატოვა. გამომშვიდობებისას კი თავისი ნამუშევრების რეტროსპექტული ჩვენება მოაწყო.
“მე უკანასკნელი კუტიურე ვარ,”- თქვა მან,- “ყველაფერი ჩემით დამთავრდება.” მას მართლაც არავინ დარჩა, არც მემკვიდრე და არც საქმის გამგრძელებელი. ალბათ სწორედ ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო: იცოდე, რომ შენით მთავრდება ყველაფერი!”

No comments: